Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
GeoScouser blog

მგონი მგოსანი (ნაწილი I)

(მოთხრობების კრებული თანამედროვე გათავხედებულ ბავშვზე)


გამარჯობა, მე სახელად და გვარად მქვია მგონი მგოსანი და მინდა ჩემს შესახებ გიამბოთ. სახელი "მგონი" ბაბუაჩემის საპატივცემულოდ დამარქვეს. მართალია ბაბუაჩემს დემეტრე ჰქვია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ბაბუაჩემის საპატივცემულოდ დამრქვეს, რაც მქვია. გვარის მიხედვით სვანი ვარ, მაგრამ მინდა იმედები გაგიცრუოთ და გითხრათ, რომ იმერელი ვარ, თუმცა ძირი მაინც სვანური მაქვს. ბაბუაჩემი თავის დროზე გამოჩენილი თამადა იყო. ახლა კი ისე დაჩაჩანაკდა, დაჯდომისას უკნიდან სკამს რომ ვაცლი, ვერ ხვდება. ბებიაჩემი დიდი გაიძვერა ქალია, თუმცა მასზე ლაპარაკი არც მინდა, რადგან გაბრაზებული ვარ. ატმის კამპოტის გახსნა ვთხოვე და მითხრა, ამ კვირაში ხუთი ბანკა გაგიხსენი და გეყოსო. მეც შესაბამისად ვუპასუხე, დანარჩენი ბანკები საფლავშიც წაგიღია-მეთქი. მოსიყვარულე და კარგი შვილიშვილი ვარ, თუმცა უკეთესს ბებია-ბაბუას ვიმსახურებდი. დედ-მამაზე სათქმელი ბევრი არაფერია. ისინი დილით ადრე მიდიან სამსახურში და გვიან ღამით ბრუნდებიან.

ჩემი ყოველი სამუშაო დღე რუსეთის ჰიმნით იწყება. ყველაზე მეტად "ბუძილნიკის" ხმა მაღიზიანებს, რომელიც 8 საათზე ირეკება, თუმცა 10 წუთი გამოფხიზლებას ვუნდები. რუსეთის ჰიმნი მაღვიძებს, ამიტომ ეს ქვეყანა სხვებზე მეტად მე მძულს. ვდგები, იატაკზე დაყრილ მტვრიან ტანსაცმელს დავფერთხავ და ვიცმევ. თავს ვიწესრიგებ და სამზარეულოში გავდივარ. ჩაის კარაქიან პურს ვატან. სულ მგონია, რომ იმ კარაქს დამწვარი მანდარინის ქერქის გემო აქვს, ამიტომ ყბებს უღიმღამოდ ვიქნევ. შემდეგ ვიღებ ჩანთას, რაშიც მთავარი გაკვეთილების წიგნები მიდევს და სკოლისკენ მივდივარ. თუ სველი ამინდია, მთავარი სადარბაზოს წინ ტბა დგას და მეორე სადარბაზოდან გავდივარ, რის გამოც მთელ კორპუსს წრეს ვუვლი. სკოლა ჩემი მეორე საძინებელია, ან პირველი, რადგან უფრო დიდ ხანს სკოლაში მძინავს, ვიდრე სახლში. კლასელებიდან პირველი მე მივდივარ, ამიტომ კლასი ჩაკეტილი მხვდება, თუმცა ეს არ არის პრობლემა, რადგან სხვა ოთახში შევდივარ, თავს მერხზე ვდებ და დაძინებას ვცდილობ. როცა ჩემი კლასის კარი იღება, შევდივარ ნამძინარევი და ჩემს მერხს ვეშურები, რომელიც ბოლოში დგას. ამ მერხზე ყველაზე კარგად ეს წარწერა ეტყობა "მე ♥ ძილი". ჩემი დაწერილი არ გეგონოთ, ჩემამდე დაწერეს, თუმცა როცა ძილისგან ვიღლები, ამ წარწერას ვამუქებ ხოლმე. სახლში კარგად გამოძინებული, თუმცა მშიერი ვბრუნდები. ბებიაჩემი ხშირად წვნიანს მახვედრებს, თუმცა ამ ბოლო დროს მის კერძებს ამრეზით ვუყურებ და ჩემს შემწვარ კვერცხს ვამჯობინებ. ამის შემდეგ კომპიუტერს ვუჯდები და ვთამაშობ ან სკაიპში კონტაქტებს ვიმატებ. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან კლასელს, როცა მეღვიძა, დავენიძლავე, რომ 2012 წლისთვის 3000-ზე მეტი ადამიანი მეყოლება დამატებული. ხშირად მე თვითონ ვაკეთებ ახალ სკაიპს და იქ ვიმატებ. ასე უფრო ადვილია ნიძლავის მოგება. თუ მომშივდება, კიდევ შევჭამ. თუ არადა, კომპიუტერს გვიან ღამემდე არ მოვშორდები. ბოლოს გონზე ძლივს მყოფი სწრაფად ვიხდი ტანსაცმელს, სად ვყრი მეც ვერ ვხვდები და საწოლზე ომში სასიკვდილოდ დაჭრილი რაინდივით ვეშვები.

2011 წლის 12 მარტი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.