Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
eka1234 blog

მოდით ჩემთან

რაც დაიბადეთ, მას შემდეგ გევედრებით – მოდით ჩემთან. მინდა რომ გულში ჩაგიკრათ, მოგიალერსოთ, ტკივილები დაგიამოთ, ცრემლები მოგწმინდოთ, სევდა და დარდი განგიქარვოთ, დაგამშვიდოთ, გაგახაროთ და გაგაბედნიეროთ. თქვენ კი ხელს მკრავთ, ახლოს არ მიკარებთ. არ გესმით ჩემი. ვერ მხედავთ და ვერ მგრძნობთ. მე კი სულ გელოდებით, ცრემლიანი თვალებით შემოგცქერით და გელოდებით, როდის მომაქცევთ მზერას, როდის მომისმენთ, როდის შემომიშვებთ გულში, როდის მიიღებთ ჩემს უსაზღვრო სიყვარულს.
ეჰ, რომ იცოდეთ, რა ძლიერ მიყვარხართ. თქვენ არ იცით ეს რა არის, ადამიანებს ასეთი სიყვარული არ შეგიძლიათ. მხოლოდ მე მიყვარხართ ასე უსაზღვროდ, ასე არაადამიანურად. ჩემი სისხლი და ხორცი შემოვწირე ამ სიყვარულს, ყველაზე მეტად დავიმდაბლე თავი, ყველაზე ძლიერ გავილახე, ყველაზე ძლიერ ვეწამე. თქვენ არ იცით რას ნიშნავს ამდენი ადამიანისათვის ჯვარზე წამება. ზოგი უგნური დღეს თავს იკრავს ჯვარზე, რომ ჩემი ტკივილები გამოსცადოს და განა ვინმეს შეუძლია ოდნავ მაინც წარმოიდგინოს ჩემს თავზე აღებული მილიონობით ადამიანის ტკივილი? განა მე თქვენთვის, ყველასთვის არ ვეწამე? განა ყველას ცოდვა არ ვიტვირთე? თქვენ ამის წარმოდგენა არ შეგიძლიათ. ასეთ ტკივილებს ადამიანები ვერ უძლებენ. ეს მხოლოდ ჩემი ხვედრი იყო, იმ დიდი სიყვარულის საზღაური, რომლითაც მამამ ჩემმა შეგიყვარათ. თქვენ კი გულში არ მიშვებთ, ჩემი გაგონებაც არ გინდათ. ისევ და ისევ ჯვარზე მაკრავთ, ისევ და ისევ მცემთ და მაწამებთ. და იცით, როდის მაწამებთ? ყოველთვის, როცა ვინმეს ცემთ – მე მცემთ, როცა ვინმეს დასცინით – მე დამცინით, როცა ვინმეს კლავთ მე მკლავთ, როცა ვინმეს პარავთ – მე მპარავთ, როცა ვინმეს ატყუებთ – მე მატყუებთ. როცა მედიდურობთ – მე ჯვარზე მაკრავთ. როცა მოყვასს არ ეხმარებით – მე მაწამებთ. ყოველი ცოდვით ახალ-ახალ ლურსმანს მარჭობთ სხეულში. მე ერთი ვარ – თქვენ ბევრნი. განა რამდენჯერ უნდა გამლახოთ და მაწამოთ ყოველდღიურად? მე კი მაინც ვითმენ, სიყვარულით და იმედით ვითმენ და გელოდებით, როდის მოხვალთ ჩემთან. ალბათ მეტყვით: – უფალო, ჩვენ ხომ ხშირად დავდივართ ტაძარში, ვლოცულობთ, ვმარხულობთ, ვეზიარებით, განა შენთან არ ვართ? ვაი, რომ არ ხართ, ჩემო საყვარელო შვილებო, არ ხართ და იმიტომაც შემტკივა თქვენზე გული? განა იმდენს რას გთხოვთ? – გიყვარდეს ღმერთი შენი და გიყვარდეს მოყვასი შენი. მითხარი, რომელს გიყვართ მოყვასი? – განა არავინ დაგინახავთ ღატაკი ან გაჭირვებული, ობოლი ან ქვრივი, უძლური ან სნეული, ლტოლვილი ან უსახლკარო, ტყვე ან უსამართლოდ დევნილი? რომელს მოექეცით ისე, როგორც საკუთარ თავს? რომელი წაიყვანეთ სახლში და დააპურეთ, ჩააცვით და დაახურეთ, გაათბეთ და მოეფერეთ? რომელს გაუყავით საკუთარი ქონება? რომელს გადაეფარეთ საკუთარი სხეულით? – მე კი ყოველ მათგანში ვარ, ყოველ ტკივილსა და გასაჭირში, ყოველ სნეულებასა და უძლურებაში, ბორკილსა და უსამართლობაში. ხოდა მოყვასი თუ არ გიყვართ, მე როგორ შემიყვარებთ? მათხოვარს თუ სამოწყალოდ რამეს დაუგდებთ, ეს გგონიათ მოყვასის სიყვარული? იცოდეთ, მადლი ის კი არ არის ათასიდან ერთს თუ რამეს ვინმესთვის გაიმეტებ, არამედ ის, ერთი რომ გაქვს და ისიც სხვისთვის გინდა. იმ მათხოვრის ადგილზე რომ მე ვიჯდე, რას იზამდით? ხომ ჩამივარდებოდით ფეხებში? ხომ გაიხდიდით უკანასკნელ სამოსს და მე ჩამაცმევდით? ხომ მოიკლებდით უკანასკნელ ლუკმას და მე გამომიწვდიდით? ხომ წამიყვანდით სახლში და გამათბობდით? ხომ მომივლიდით და მომეფერობოდით? ხომ იქნებოდით მზად, თვით სიცოცხლეც დაგეთმოთ ჩემთვის? ხოდა ის მათხოვარიც მე ვარ, ლუკმაპურის საშოვრად რომ ქუჩა-ქუჩა დაწანწალებს – მე ვარ, უპატრონოს და უსახლკაროს თუ ვინმეს ნახავთ, ისიც მე ვარ. სნეულს და მომაკვდავს ნახავთ? – კვლავ მე ვარ. ნაცემს და დამცირებულს ნახავთ? ისიც მე ვარ. შემდეგ მოდიხართ მამაჩემის სახლში და ათასი ცოდვიდან, მხოლოდ მეათედს ინანიებთ. არ გინდათ აღიაროთ, რომ არც ღმერთი გიყვართ და არც მოყვასი. საკუთარი თავის სიყვარულიც არ შეგიძლიათ და სხვას როგორ შეიყვარებთ? ნუ ტრაბახობთ, რომ ზედმიწევნით ასრულებთ ღვთის მცნებებს, არამედ მოინანიეთ, რომ იმ მცირედის შესრულებაც გიჭირთ, რაც უფალს დაუწესებია თქვენთვის. ხომ გიყვართ შვილები? ხომ გტკივათ გული, როცა ერთი მეორეს ჩაგრავს? ისიც კი გტკივათ თუ ხელი წამოარტყა ერთმა მეორეს? მაშ მე რაღა უნდა ვთქვა, როცა ერთმანეთს კლავთ, ცემთ, ატყუებთ, ბილწავთ, ტანჯავთ, ანადგურებთ? მე რამდენი უნდა ვითმინო, რამდენი უნდა ავიტანო? თან ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ გაცილებით მეტად მიყვარხართ, ვიდრე თქვენ გიყვართ თქვენი შვილები. როგორც თქვენ გინდათ, რომ თქვენს შვილებს უყვარდეთ ერთმანეთი, მე ასჯერ და ათასჯერ მეტად მინდა იგივე. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ სულ ცოტათი მაინც წარმოიდგინოთ, რა ტკივილს მაყენებთ ყოველდღიურად. მე კი სულ გელოდებით როდის გაახელთ თვალებს, როდის გაიგებთ, რატომ ვეწამე თქვენთვის, როდის შეიგრძნობთ ჩემს უზომო სიყვარულს, როდის დაინახავთ ჩემს გამოწვდილ ხელებს, როდის ჩამეხუტებით და მეტყვით გულწრფელად, სუფთა გულით: – მიყვარხარ, უფალო!!!


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline eka1234
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.