Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
VacheLeshka blog

ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი (5)

ძვირფასო ღმერთო,
დღეს პეგი ბლუს ოპერაცია გაუკეთდა. მე ათი საშინელი წელიწადი გადავიტანე, მძიმეა 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა. უამრავი საზრუნავისა და პასუხსმგებლობის ასაკია.
პეგიმ წუხელ ჩემთან მოსვლა ვერ მოახერხა. ღამის მორიგე ექთანი, ქალბატონი დიუკრო დარჩა მასთან, ანესთეზიისათვის რომ მოემზადებინა. საოპერაციოში პეგი დილის 8 საათზე საკაცით გაიყვანეს. გული შემეკუმშა, ჩემს წინ რომ ჩაატარეს. ზურმუხტისფერი ზეწრის ქვეშ ისეთი ჩია და გამხდარი ჩანდა, რომ ვერც კი შეამჩნევდი.
დედა-როზამ ხელი ჩამჭიდა, რომ განცდებს მოვრეოდი.
_ დედა-როზა, როგორ დაუშვა იმ თქვენმა ღმერთმა, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც მე და პეგი ვართ, საერთოდ არსებობენ!
_ საბედნიეროდ თქვენ მოგავლინათ ამ ქვეყნად, ჩემო პატარა ოსკარ, თორემ უთქვენოდ ცხოვრება უღიმღამო და უნიათო იქნებოდა.
_ არა, თქვენ ვერ გამიგეთ; რატომ უშვებს ღმერთი, რომ ათასნაირი სნეულება შეგვეყაროს? ან ბოროტია ან კიდევ სულაც არ არის ყოვლისშემძლე.
_ ოსკარ, სენი შეიძლება სიკვდილს შევადაროთ; ეს მხოლოდ ფაქტია და არა სასჯელი.
_ ჩანს, რომ თქვენ არაფერი გაწუხებთ.
_ შენ რა იცი, ოსკარ?
ამაზე ვეღარ შევეპასუხე. რას წარმოვიდგენდი, რომ დედა-როზას, ასეთ ყურადღებიანსა და დაუზარელს, შეიძლებოდა პირადი პრობლემებიც ჰქონოდა.
_ ნურაფერს დამიმალავთ დედა-როზა, ყველაფერი შეგიძლიათ გამანდოთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უკვე 32 წლის კაცი ვარ, კიბოთი სნეული ცოლი რომ საოპერაციოში მიწევს. ასე რომ, მე საკმაოდ კარგად ვიცნობ ცხოვრებას.
_ მიყვარხარ, ოსკარ.
_ მეც. რა შემიძლია თქვენთვის მოვიმოქმედო, თუ გასაჭირში გიგულებთ? გინდათ, გიშვილოთ?
_ მიშვილო?
_ ჰო, ბერნარი ხომ უკვე ვიშვილე, სევდა რომ შემომაწვა.
_ ბერნარი?
_ ჩემი დათუნია. აი იქ, კარადის თაროზე რომ დევს. ეს ჩემი ძველი დათუნიაა, არც თვალი აქვს, არც პირი და არც ყური. ნახევრად გამოშიგნულია და ჭრილობებით დასერილი. ცოტათი თქვენ გამსგავსებთ. იმ საღამოს ვიშვილე, ჩემმა ჩერჩეტმა დედ-მამამ ახალი რომ მომიტანეს. თითქოსდა დავთანხმდებოდი ახალ დათუნიას. მათ ურჩევნიათ იმაზე იფიქრონ, როგორ ჩამანაცვლონ ახალი პატარა ძმით, სანამ იქ არიან მარტო, თავისთვის. ჰოდა, ამ ამბის გამო ბერნარი ჩემი შვილობილი გახდა. მთელ ჩემს ქონებას მას დავუტოვებ. მსურს, თქვენც გიშვილოთ. რა თქმა უნდა, თუ ეს დაგამშვიდებთ.
_ რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. ეს სიმშვიდეს მომგვრიდა, ოსკარ.
_ მაშინ მოიტათ ხელი, დედა-როზა.
შემდეგ პეგის ოთახის მოსამზადებლად გავეშურეთ. მსურდა, დაბრუნებისას შოკოლადი და ყვავილები დახვედროდა.
მერე მეძინა. წარმოუდგენელია პირდაპირ, რამდენი მძინავს ბოლო დროს.
საღამოს დედა-როზამ გამაღვიძა. მითხრა, პეგი ბლუ თავის ოთახშია და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარაო.
სანახავად ერთად წავედით. მშობლები პეგის სასთუმალთან იდგნენ. არ ვიცი, ვინ გააფრთხილა ისინი – დედა-როზამ თუ პეგიმ, მაგრამ გამომეტყველებაზე შევატყვე, ჩემი არსებობის შესახებ მშვენივრად რომ უწყოდნენ. ღრმა პატივისცემით მესაუბრნენ. სკამი შუაში ჩადგეს და ამგვარად მეც შევძელი ავადმყოფ მეუღლეს სიდედრ-სიმამრთან ერთად თავზე დავდგომოდი. კმაყოფილი ვიყავი. პეგის კანს ოპერაციის შემდეგ ცისფერი ელფერი არ დაეკარგა. ექიმმა დიუსელდორფმა შემოიარა და წარბების ფხანით გამოგვიცხადა, რომ პეგი უახლოს რამდენიმე საათში ფერს იცვლიდა. სიდედრს გადავხედე. ცისფერი არ არის, მაგრამ მაინც ლამაზია. გავიფიქრე, ჩემს ცოლს, პეგის შეეძლო ნებისმიერი მისთვის სასურველი ფერი ჰქონოდა. მე ხომ ის მაინც მეყვარებოდა.
პეგიმ თვალები გაახილა. მე და მის მშობლებს მზერა შეგვავლო, მერე კი ისევ ძილს მიეცა.
მისი მშობლები თავს მშვიდად გრძნობდნენ, მაგრამ ამასობაში მათი წასვლის დროც დადგა.
_ ჩვენი ქალიშვილი თქვენთვის მოგვინდია, – გამომიცხადეს, – ვიცით, რომ თქვენი იმედი ნამდვილად შეიძლება გვქონდს!
დედა-როზასთან ერთად მანამდე ვიცადე, სანამ პეგი ხელმეორედ გაახელდა თვალებს; შემდეგ კი ჩემს ოთახში დავბრუნდი, ცოტა რომ დამესვენა. წერილის დასასრულს ვხვდები, რომ საბოლოო ჯამში ოჯახში გატარებული დღევანდელი დღე მშვენიერი იყო. ვიშვილე დედა-როზა; სიმპათიებით გავიმსჭვალე სიდერ-სიმამრის მიმართ; დამიბრუნდა საღ-სალამათი ცოლი; ის კია, რომ 11 საათისთვის ვარდისფერი გადაეფინა.
ხვალამდე,
გკოცნი
P.შ. დღეს არაფერს გთხოვ, შეგიძლია, დაისვენო.





ძვირფასო ღმერთო
დღეს 50-მა მომიკაკუნა და სისულელეების გარდა არაფერი ჩამიდენია.
მოკლედ მოგიყვები, სხვაგვარად არც ღირს. პეგი ბლუ კარგად გრძნობს თავს; პოპკორნმა, დასანახად რომ ვერ მიტანს, ჩინელი შეაგზავნა მასთან და ათქმევინა, რომ ტუჩებში ვაკოცე. მოულოდნელად პეგიმ გამომიცხადა, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდაო. არ დავეთანხმე და ვეცადე ამეხსნა, ჩინელის ამბავი ყრმობის შეცდომა იყო და შენს გაცნობას უძღოდა წინ-მეთქი; წარსულში ერთხელ ამიცდა ფეხი და ახლა მთელი ცხოვრება ამაზე ხომ არ მაგებინებ პასუხს-მეთქი. პეგი შეუვალი იყო. მეტიც, ჩემს ჭკუიდან გადასაყვანად ჩინელს დაუმეგობრდა. კარგად მესმოდა თუ როგორ ხალისობდნენ ერთად.
ამის გამო, ტრისომიით დაავადებულ ბრიჟიტს, გამარჯობის სათქმელად ჩემს ოთახში რომ შემოვიდა, სულაც არ გავუძალიანდი და მთელს სხეულზე ამბორის უფლება მივეცი. ბრიჟიტს, რომელიც მზადაა, ყოველ მეორეს ყელზე ჩამოეკიდოს. ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ ტრისომიით სნეულებმა კარგად იციან გრძნობების ფასი და საოცრად მოსიყვარულეები არიან. ლამის გაგიჟდა, ნება რომ დავრთე. ფინია გეგონებოდა, პატრონის გამოჩენა რომ გაუხარდა. საქმე იმან გააფუჭა, რომ ამ დროს აინშტაინი აღმოჩნდა დერეფანში. შეიძლება თავი ტვინის ნაცვლად წყლით აქვს სავსე, მაგრამ თვალზე ბანანის ქერქი ნამდვილად არ აფარია. ყველაფერი დაინახა და გაქანდა, რათა პეგისა და ჩინელისთვის ჩაეკაკლა. ამის გამო მთელი სართული ქალების მუსუსს მიწოდებს. ეს მაშინ, როცა ოთახიდან საერთოდ არ გავნძრეულვარ.
_ არ ვიცი ბრიჟიტთან რა მეტაკა, დედა-როზა.
_ ყველაფერი შუადღის დემონის ბრალია, ოსკარ. ასეთები არიან მამაკაცები 45-დან 50 წლის ასაკამდე. ერთზე შეყვარებულნი, ცდილობენ, გაარკვიონ, სხვების მოხიბვლაც თუ შეუძლიათ და ამით მშვიდდებიან.
_ კარგით, კარგით, მეც ჩვეულებრივი მამაკაცი ვარ, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ბრიყვიც, არა?
_ ჰო, შენ სრულიად ნორმალური მამაკაცი ხარ.
_ როგორ უნდა მოვიქცე?
_ მითხარი, ვინ გიყვარს?
_ პეგი! პეგი და არავინ სხვა!
_ გამოუტყდი ამაში. პირველად შექმნილი წყვილი ფაქიზია და ხშირად _ მერყევი. თუ ის ნამდვილია, უნდა იბრძოლო შესანარჩუნებლად.
ღმერთო, ხვალ შობაა. აქამდე არც კი დავფიქრებულვარ, რომ ეს შენი დაბადების დღეა. მოახერხე ისე, რომ პეგისთან შერიგება შევძლო. არ ვიცი, მაგრამ შეიძლება სწორად ამის გამო ვარ ამ საღამოს ასე სევდიანი და ყოველგვარ გამბედაობას მოკლებული.
ხვალამდე,
გკოცნი
ოსკარი
P.შ. ახლა, ასე რომ დავუმეგობრდით ერთმანეთს, მითხარი, რა გაჩუქო დაბადების დღეზე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.