Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
somebody blog

ნიკტოფობია და არამარტო

ნიკტოფობია და არამარტო...

მე ნიკტოფობი ვარ. მე სიბნელის მეშინია. უფრო სწორად, უსინათლობის. არ ველი არც ცრათავიან დევს ან სხვა ურჩხულებს, არც უცხოპლანეტელთა მისტიკური სამყაროს გადმოსახლებას ჩემს ოთახში, არც სულებს, თეთრთმიან დემონებს, სინათლის ნაწილაკების გაელვებას. მე თქვენი მეშიანია, ოღონდ სიბნელეში–როცა არ ხმაურობთ. მე თქვენი მზაკვრული ფიქრების მეშინია. მეშინია თქვენი სიზმრების, ამორალური სიზმრების. მეშინია, მხოლოდ მე არ მეღვიძოს მკვდარ სამყაროში, მხოლოდ მე არ მირწევდეს ღამე სიფხიზლის აკვანს. მეშინია, უკანასკნელი ადამიანი არ ვიყო დედამიწაზე და ამ დროს კარზე ვიღაცამ არ დააკაკუნოს.

მე ნიკტოფობი ვარ, რადგან წყვდიადი მაშინებს. ვერ ვხედავ ვერც გვირაბს (და მით უმეტეს გვირაბის ბოლოს სინათლეს), ვერც მთვარეს ჩემი სარკმლის წინ, ვერც ხეთა სილუეტებს. მე მხოლოდ საკუთარი თავის დანახვა შემიძლია, როცა საათმა ღამის ორი საათი დარეკა და „მე“ ისევ ეთამაშება კედლის ჩრდილებს, ხელებით მანიპულირებს და ჩიტებს დააქროლებს წყვდიადში. მე მხოლოდ ამ დროს შემიძლია საკუთარი თავის დანახვა, როცა თქვენ, მავანო, წინ არ მეღობებით უშფოთველი გამომეტყველებით და ნიანგისებრი თვალებით. მე ნიკტოფობი ვარ და ღამე კვლავ მირწევს სიფხიზლის აკვანს, წინ კი ჩემი ცრემლების ოკეანეა. ჰო, უნდა მოვასწრო, ტირილი მოვასწრო, სანამ წინ გადამეღობებით. გადმოვანთხიო ყოველივე , რაც თქვენი დიდი წყალობით, სულში დამიგროვდა. და მაინც მიკვირს, როგორ იტევს. იქნებ, წინა ცხოვრებაში ოკეანე ვიყავი, ან გველეშაპი, რომელმაც ოკეანე გადაყლაპა და ახლა ცრემლებად ვღვრი. იქნებ, სულაც, მეთევზე ვარ, უიღბლო მეთევზე, რომელიც თავისივე ანკესით ათას ნაწილადაა დაფლეთილი და ოქროს თევზიც კი უძლურია მის გასამთელებლად. და მაინც, მე ვტირი. ვტირი თქვენ მაგივრად, ყველას მაგივრად ვტირი. თქვენი უშფოთველი ძილის დროს ვტირი, თქვენი ცოდვიანი სხეულის მოსვენებისას ვტირი და უკვე მერამდენედ ვუკრავ რექვიემს, რომ ღამე გავართო, ცოტა ხნით (არა, დიდი ხნით! თქვენ ხომ ძილისგუდები ბრძანდებით) ბორკილებში მოვიმწყვდიო, რომ თქვენს დასვენებას, თუ განსვენებას, ხელი შევუწყო. ვუკრავ და ისიც მისმენს. ღამეც ხომ მოცარტის ფანია და თქვენ, მავანო, გესიზმრებათ ღორის დაბრაწული მწვადები, გესიზმრებათ სასახლეები და მილიარდები, დაბორიალობთ ოქროს ლაბირინთებში და მაინც მშიშარას მეძახით. ჰო, ამ მშიშარამ დღეს კიდევ ერთხელ გადაგარჩინათ. სანამ სიფხიზლის აკვანს მირწევს ღამე... ცრემლებში დავცურავ და სადაც არის თვითონ ვიქცევი ცრემლად. ვიქცევი ოკეანედ. ვშთანთქავ მზეს, ფსკერზე დავლექავ თქვენს სიმყრალეს და მაინც შემეშინდება სიბნელის. მე ხომ ნიკტოფობი ვარ და ნიკტოფობები განწირულნი არიან, თქვენგან განწირულნი, მავანო!



 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline somebody (19)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
no tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.