Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xex blog

სიტყვების თვისება

შეხების შიში ისეთი შიშია,
რომელსაც სულაც არა აქვს დიდი თვალები,
თხელი კანი აქვს და ფეხის ხმაზე
ყოველთვის კანკალებს.
მინდოდა, მაგრად მოგხვეოდი
და შეხების შიში დამევიწყებინა,
დამევიწყებინა ყველა კანის სუნი, რომელიც მიგრძვნია,
და დამეჯერებინა,
რომ სიყვარული იწყება შიშების დაძლევით,
რომ სიყვარული ხშირად გამოიხატება ისეთი უბრალო სიტყვებით,
როგორიცაა ორი ფინჯანი ყავა, ან ერთი კოლოფი ჩაი,
რომ სიყვარული სულაც არაა ისეთი, როგორიც იყო გრძნობა,
რომელსაც ბავშვობის წიგნებში ვკითხულობდით,
ვკითხულობდით დაუსრულებლად,
რადგან გვქონდა რაღაცის არცოდნის თანდაყოლილი შიში
და სხვების სიყვარულით თავები და გულები ისე გამოვიტენეთ,
რომ საკუთარისთვის ადგილი არ დაგვრჩა,
და რადგან ვერ გავიგე, სად წამეღო ეს ჩემი უადგილო სიყვარული,
გამოვთალე და ჭერში შემოვდე.
მერე ჭერი ჩამოინგრა.
მე დიდხანს ველოდი შენგან წერილებს _
სტრიქონებად და გვერდებად აწყობილს,
ელექტრონულებს და ხელნაწერებს,
მტრედის, ქარის, ფოსტალიონის და სოციალური ქსელის მოტანილს,
დიდხანს ველოდი სიტყვებს,
რომლებიც არც არაფერს მეუბნებოდნენ,
მაგრამ სიტყვებს, ადამიანებივით,
აქვთ ერთი უცნაური თვისება _ თავს გაჩვენებენ,
ან შენ კითხულობ მათ ისე,
როგორც გიხარია.
და რადგან საღამოობით მარტო დარჩენის შიშია
მთელი ჩემი ცხოვრება,
ჩემთან ჩამოსახლდნენ შენი სიტყვები,
რომლებიც ვზარდე ოქროს თევზებივით
და რომლებიც პირველივე წყალდიდობამ
ოკეანეში დააბრუნა.
მე მინდა, მეძინოს წვიმის ხმაურში,
მდინარის პირას
და გხედავდე შენ,
როგორც ჩემს ყველაზე ტკბილ სიზმარს,
და ყველაფერი იყოს ისე,
როგორც იყო ივლისში,
და არასოდეს მოვიდეს აგვისტო.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

sopo-sopo (37)
Momwons es gogo..:)
#1, 14.01.2018 - 17:38
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.