Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
elene377 blog

,,ჩემი ვედრება" -- ვაჟა-ფშაველა

ღმერთო, მიიღე ვედრება,

ეს ჩემი სათხოვარია:

არ დამეკარგოს გულიდამ

მე შენი სახსოვარია!

გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,

მამყოფე შეუდრეკლადა;

ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო

დაჩაგრულების მცველადა.

ბალახი ვიყო სათიბი,

არა მწადიან ცელობა;

ცხვრადვე მამყოფე ისევა,

ოღონდ ამშორდეს მგელობა;

არ წამიხდინო, მეუფევ,

ეს ჩემი წმინდა ხელობა!

მაშრომე საკეთილოდა,

თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,

შვილთ საგმოდ არ გამიხადო

ჩემი მუდმივი სამყოფი.

გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,

მნათობს ტრფობისა შეშითა,

ნუ მავლევ ქვეყანაზედა

გაცივებულის ლეშითა,

თვალებში მადლდაკარგულსა,

შუბლზე გაკრულის მეშითა...

ნუ დამასვენებ ნურასდროს,

მამყოფე შეძრწუნებული,

მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,

როცა ვარ შეწუხებული.

როცა გულს ცეცხლი მედება,

გონება მსჯელობს საღადა,

მაშინ ვარ თავისუფალი,

თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.

მფარავდეს შენი მარჯვენა,

კალთა სამოსლის შენისა,

სანამ არ მოვა დრო-ჟამი

სულ ბოლო ამოქშენისა.

სული -- შენ, ხორცი -- მიწასა,

აღარა ვგლოვობ ამასა,

თევზი -- წყალს, ცასა -- ვარსკვლავი,

შვილი -- დედას და მამასა.


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2014 Face.ge - all rights reserved.